ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰელსინკის კომისიასთან შეხვედრას აპროტესტებს და აღნიშნული საკითხის გამო ოფიციალურ განცხადებასაც აქვეყნებს. უკმაყოფილო კოკოითი აცხადებს, რომ "ჰელსინკის კომისიის წევრთა შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან მისადმი ნდობას ამაღლებს" და ეს ძალიან ცუდია.
"ახლახან აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ არ დაუშვებს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას. ვთავაზობ, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს ბენ კარდინს და თანათავმჯდომარეს, ჰკითხონ ბატონ სააკაშვილს, რატომ აკეთებს იგი ყოველივეს იმისათვის, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხის იზოლაცია მოახდინოს. პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია კი არასოდეს უწყობს ხელს დაძაბულობის განმუხტვას მხარეთა შორის", _ ნათქვამია კოკოითის განცხადებაში.
ოს სეპარატისტთა ლიდერი აცხადებს, რომ ყველაფერ იმის გამო, რასაც საქართველო ე. წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ, "მხოლოდ და მხოლოდ ამყარებს ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ სამხრეთ ოსეთი უკვე აღარასოდეს არ იქნება საქართველოს ნაწილი".
"ჰელსინკის კომისია ხომ არის მისია, რომელიც ევროპაში უსაფრთხოებასა და თანამშრომლობას უწყობს ხელს და თუკი მას მართლაც სურს ამ მიზნის განხორციელება, უნდა აღიარონ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი პოლიტიკა არის ძალიან დიდი საფრთხე ჩემი ქვეყნის სტაბილურობისთვის. ხოლო თუკი მათ ჩემი არ სჯერათ, ჰკითხონ იმ ათასობით ქართველს ვინც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ", _ ნათქვამია კოკოითის განცხადებაში.