"ქრისტიან-დემოკრატებმა" ჩუღურეთის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს. თარგამაძის გუნდის რჩეული კახა ბასილიაა.
მისი კანდიდატურა ამომრჩევლებს დღეს ოფიციალურად მოძრაობის წარმომადგენლებმა ლევან ვეფხვაძემ და ინგა გრიგოლიამ წარუდგინეს.
"ეს ადამიანი გააძლიერებს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ჩვენს საპარლამენტო წარმომადგენლობას თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით და მიგვაჩნია, რომ ბატონი კახა ძალიან აქტიური იქნება ჩუღურეთის მოსახლეობის ინტერესების დაცვის კუთხით", - განაცხადა ვეფხვაძემ.
რაც შეეხება თავად მაჟორიტარობის კანდიდატს, ის პირობას დებს, რომ "რაიონის ყველა ქუჩას მოივლის და ადგილობრივების წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს".
დღესვე, უზნაძის #8-ში "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ჩუღურეთის რაიონის საარჩევნო შტაბი გაიხსნა.