სეპარატისტულ აფხაზეთში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეის დელეგაცია იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან _ ეუთოს მომხსენებლები მათიას იორში და დევიდ უილრიში. ასევე მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელი აგნეჟკა ნაჩილო და მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში საბრინა ბუეშერი.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეის დელეგაცია უკვე შეხვდა გალის რაიონში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის ე.წ. რწმუნებულს რუსლან ქიშმარიას. დღეს კი დელეგაცია აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან აპირებს შეხვედრას. ამას გარდა, დღესვე დაგეგმილია შეხვედრები აფხაზეთის ე.წ პრემიერ-მინისტრთან სერგეი შამბასთან, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ ღვინჯიასთან და ე.წ. ადამიანის უფლებების დამცველთან გიორგი ოტირბასთან.
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეის დელეგაცია აფხაზეთში იმ მიზნით იმყოფება, რომ დააფიქსიროს აფხაზური მხარის პოზიცია იმისათვის რათა შემდგომში ეს პოზიცია "რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგებისადმი მიძღვნილ" ანგარიშში აისახოს", _ აცხადებს მათიას იორში.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფხაზმა ე.წ. პარლამენტარებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეის დელეგაციასთან შეხვედრისას დააფიქსირეს, რომ "აფხაზეთისათვის მიუღებელია საქართველოს მხრიდან წამოსული ყველა ინიციატივა, რომელიც ე.წ. მშვიდობიან მშენებლობას ეხება.
"აფხაზეთი, უპირველეს ყოვლისა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩვენ არ ვეთანხმებით დასავლეთში გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ "რუსეთი შთანთქავს აფხაზეთს". ვერაფერი ამ ქვეყანაზე ვერ გვაიძულებს ჩვენ უარი ვთქვათ ჩვენს დამოუკიდებლობაზე. უკან სვლა არ იქნება. აღგვითქვით ისეთებად როგორებიც ვართ ახლა", _ განაცხადა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ნუგზარ აშუბამ და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეის დელეგაციას Yთავისი პრეტენზიები გამოაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ვერ მოგზაურობენ იმის გამო, რომ მათ საელჩოებში ვიზებს არ აძლევენ.
"აფხაზეთის მოქალაქეებს დღეს არ შეუძლიათ ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა, მათ უბრალოდ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის უფლება არა აქვთ. ჩვენ, როგორც სხვა ქვეყნების ხალხებს, გვსურს საერთაშორისო საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები ვიყოთ", _ აცხადებს ნუგზარ აშუბა და აღნიშნავს, რომ რაც შეეხება რუსეთს "იგი უკან არასოდეს წაიღებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებას".
ამასთან ერთად აშუბამ იქვე გამოთქვა ეჭვი, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეის დელეგაციის მიერ მომზადებული ანგარიში ობიექტური იქნება იმის გამო, რომ ამ ანგარიშს ახლავე ეწოდება "რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების ანგარიში".