პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭომ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, ოფისის სტრატეგიული საშუალოვადიანი განვითარების გეგმა 2015-2018 წლებისთვის და 2015 წლის სამოქმედო გეგმა მოისმინა.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსმა, გიორგი ჯერენაშვილმა დავით უსუფაშვილს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს პრეზენტაცია „დამოუკიდებელი ანალიზი სახელმწიფო ფინანსების ხელშეწყობისთვის" წარუდგინა და საბიუჯეტო ოფისის, როგორც დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციის ძირითად ფუნქციებზე, ხედვაზე, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებზე ისაუბრა.
გიორგი ჯერენაშვილმა სამეთვალყურეო საბჭოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სტრატეგიული განვითარებისთვის დაგეგმილი ღონისძიებებიც გააცნო. მისივე ინფორმაციით, ამუშავდა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ოფიციალური ვებგვერდიც (www.pbo.parliament.ge). საბიუჯეტო ოფისის უფროსმა პარლამენტის თავმჯდომარისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.
გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, სამეთვალყურეო საბჭომ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის 2015 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.