საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ვალერი ზუმბაძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:
„ჩემს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში ვრცელდება ყოველგვარ რეალურ საფუძველს მოკლებული ბრალდებები და მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია.
იმისთვის, რათა არ მოხდეს საქართველოს თავდაცვის უწყების იმიჯის შელახვა, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა.
მზად ვარ, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში, პასუხი გავცე ჩემი მისამართით დასმულ ყველა კითხვას.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გადავწყვიტე, ცილისმწამებლური განცხადებების ავტორების წინააღმდეგ სარჩელი შევიტანო სასამართლოში,
რათა დავიცვა საკუთარი რეპუტაცია და ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს სიმართლე."