სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 5 თებერვლის ღამეს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში იყო არეულობა, რა დროსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა პატიმრები ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, არ ადასტურებს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ დაწესებულებაში სამედიცინო ჩარევა დასჭირდა მხოლოდ ერთ-ერთ ქრონიკულ ავადმყოფ პატიმარს, რომელიც ასთმური შეტევით გადაყვანილ იქნა სამედიცინო კლინიკაში.
ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გლდანის N8 დაწესებულებაში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროდან აცნობეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სამოქალაქო სექტორის 50-ზე მეტ კლინიკასთან, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ი სისტემის მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს. აღნიშნულ კლინიკებში საჭიროებისამებრ პერიოდულად გადაყავთ პატიმრები.
,,გუშინ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში რამდენიმე მსჯავრდებული იქნა გაყვანილი გადაუდებელი წესით, რომელთაც ჰქონდათ სხვადასხვა სახის ჩივილები, მათ გაეწიათ ადეკვატური სამედიცინო დახმარება და უკვე დაუბრუნდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს", -ნათქვამია უწყების განცხადებაში.