აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ქვეყნის კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს.
"ამ კუთხით ჩემი პოლიტიკა პრეზიდენტ ობამას პოლიტიკაა. როგორც არაერთხელ ითქვა, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თბილისში ვიზიტისას, ჩვენ არასდროს ვცნობთ აფხაზეთისა დ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ეს არის პირველი პრინციპი, რომელსაც ყოველთვის დაციცავთ", - განაცხადა ჯონ ბასმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.
მისივე განმარტებით, პრობლემის გადაჭრა ძალადობის გზით არ უნდა მოხდეს და საქართველოს ხელისუფლებამ ტერიტორიების დაბრუნების მიდგომა უნდა შეიმუშაოს.
ამასთან, აშშ-ის ახალმა ელჩმა საქართველოში, რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გადატვირთვა არ ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოებს "არ გააჩნიათ თემები, რომლებზეც ვერ თანხმდებიან".
"ეს ასე არაა. ჩვენ გვაქვს საკითხები, რომლებზეც განსხვავებული აზრი გვაქვს. საქართველოს თემა მათ შორის ერთ-ერთია", - განმარტა ბასმა.
შეგახსენებთ, რომ ჯონ ბასი, რომელმაც აშშ-ს ელჩის პოსტზე ჯონ ტეფტი შეცვალა, საქართველოში საქმიანობას რამდენიმე დღის წინ შეუდგა.