იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებულებების შესწავლა იწყება. ადვოკატების ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მიმდინარეობს.
"შევუდგებით ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევას, რომელიც გადაგზავნილია ლაბორატორიაში: ასაფეთქებელი მოწყობილობების ნაწილები, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, ქიმიური ექსპერტიზა - დანიშნულია ეს ყველაფერი კომპლექსურად და შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებთან ერთად გამოვიკვლევთ ამ ყველაფერს," - აცხადებს საქმეში მონაწილე დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი.
შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილი სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე 20 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.იური ვაზაგაშვილი წლების მანძილზე ითხოვდა 2006 წელს, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას, რომელიც ამ დრომდე არ არის დასრულებული.
მასალის გამოყენების პირობები