15 აპრილს სეპარატისტულ აფხაზეთს ოფიციალური ვიზიტით ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუელ სანტოს ლოპესი ეწვევა. ვიზიტი ორდღიანია და იგი 17 აპრილს დასრულდება. განცხადებას ამის შესახებ აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილს ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუელ სანტოს ლოპესი გვირგვინებით შეამკობს სოხუმის ცენტრში მდებარე "დიდების მემორიალს", რომელიც 1992-1993 წლებში მიმდინარე ქართულ-აფხაზურ კონფლიქტად წოდებულ რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ სეპარატისტთა და დაქირავებულ ბოევიკთა ხსოვნის უკვდავსაყოფად დაიდგა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, 16 აპრილსვე ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრი სამუელ სანტოს ლოპესი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდება.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ამის შემდეგ იგეგმება შეხვედრა აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბასთან და აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ ღვინჯიასთან.
მათი ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში აფხაზეთის ე. წ. პარლამენტში გაიმართება შეხვედრა ნიკარაგუის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან. შეხვედრი ბოლოს გაიმართება სამუელ სანტოსისა და მაქსიმ ღვინჯიას ერთობლივი პრესკონფერენცია.
ამის შემდეგ ნიკარაგუის დელეგაცია კონცერტს დაესწრება.
17 აპრილს კი, გამგზავრებამდე, დელეგაციის წევრები ახალ ათონს მოინახულებენ.