ზაფხულში, სავარაუდოდ, ივნისში სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა "საზღვარგარეთის აფხაზური პასპორტების" გაცემის დაწყებას აპირებს.
დღეს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის მიერ ჩატარებულ თათბირზე მოიწონეს მაკეტი ე.წ. საზღვარგარეთის აფხაზური პასპორტებისა, რომელიც "გოსზნაკშია" დამზადებული. დღესვე სერგეი ბაღაფშის მიერ ჩატარებულ თათბირზე სწორედ ეს საკითხი განიხილებოდა.
ე.წ. საზღვარგარეთის აფხაზური პასპორტის მაკეტი თათბირზე სეპარატისტთა ე.წ. ისტებლიშმენტს ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა წარუდგინა. სწორედ ანქვაბი კურირებს ე.წ. საზღვარგარეთის აფხაზური პასპორტების საკითხს.
ე.წ. საზღვარგარეთის აფხაზური პასპორტი 36 გვერდისაგან შედგება. ყდა ლურჯი ფერის იქნება. "ყველა გვერდი დანომრილია და ყველა მათგანზე დატანილია აფხაზეთს რესპუბლიკის გერბი", _ იუწყება აფხაზური მხარე.
ამას გარდა, ე.წ. პასპორტის ყდაზე, ზემოთ, დატანილი ვერცხლისფერი წარწერა "აფხაზეთის რესპუბლიკა" სამენოვანია _ აფხაზურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. "პასპორტის" ყდაზე, ქვემოთ ასევე სამ ენაზე წერია სიტყვა "პასპორტი" _ ცენტრში კი ე.წ. სახელმწიფო გერბია გამოსახული.
"პასპორტის მფლობელის შესახებ ინფორმაცია დატანილია პასპორტის ბოლო გვერდზე. იქ დასაც სურათის ადგილია არის წარწერა რუსულ და ინგლისურ ენებზე. ცალკე მხარეს არის გრაფა პასპორტის მფლობელის ვინაობის შესახებ აფხაზურ ენაზე და მფლობელის ხელმოწერა. ყველა დანარჩენი ტექსტი პასპორტში სამ ენაზეა", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მათივე ინფორმაციით, პასპორტის ღირებულება სამ აშშ დოლარზე მეტი არ იქნება.
"პასპორტი ყველა საერთაშორისო სტანდარტს პასუხობს. იგი გოსზნაკშია დამზადებული და მას დაცვისათვის ყველა საჭირო დონე გააჩნია. პასპორტს ამ კუთხით ვერ შეედავები", _ განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა.
"ჩვენ დიდი ხანი ვმუშაობდით ამ პასპორტზე, სკურპულოზურად ვამუშავებდით ყველა ასოს, ყველა შტრიხს. ივნისისათვის უკვე შეიძლებოდეს იქნება საზღვარგარეთის აფხაზური პასპორტების გაცემის დაწყება", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა.