კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმი ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. ოსური პასპორტების დარიგებით ერთის მხრივ ფსევდო დამოუკიდებლობის დამყარებას და მეორეს მხრივ არასასურველი ელემენტებისგან გაწმენდას ცდილობს.
"ახალგორში სხვა ეთნოსის ჩასახლებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა კოკოითის რეჟიმისგან რაიონის ქართველებისგან გაწმენდა უნდა ველოდოთ. მე ვფიქრობ მოქალაქეები, რომლებიც იქ არიან დარჩენილები, კერძოდ კი ქართველებს ვგულისხმობ ე.წ. პასპორტები უნდა აიღონ, რომ ქართული ეთნოსის ფეხი რეგიონიდან საერთოდ არ ამოიკვეთოს. იგივეს ვურჩევდი აფხაზეთში, გალის რაიონში მაცხოვრებლებს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მამუკა არეშიძემ.
ექსპერტის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ოკუპირებული რეგიონები ქართველებისგან არ დაიცალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაძნელდება ამ რეგიონების მომავალზე ლაპარაკი.
"უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთივე,მსგავსი პროცესი აფხაზების და ოსების მიმართაც მიდის. მართალია, მათ ეთნიკური ნიშნით არ ავიწროვებენ,მაგრამ ეკონომიკური გაჭირვების გამო ისინი რეგიონიდან, განსაკუთრებით კი ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან გადიან. ამის გათვალისწინებით კი, თუ ოსები, აფხაზები, ქართველები რეგიონში აღარ დარჩებიან სხვა ეთნიკური ჯგუფებს დასახლებენ, რომლებიც რუსეთზე მთილიანად იქნებიან ორიენტირებულები", - განაცხადა არეშიძემ.