20 იანვარს, დაახლოებით დილის 4 საათზე სოხუმის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროდან დაუდგენელმა პირებმა გალის რაიონში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული სამი ახალგაზრდის ცხედარი გაიტაცეს.
გალელი გელა გერგედავას გატაცებაში მონაწილე, ასევე, გალის რაიონის მკვიდრების ჯ. აქუბარდიას, ლ. ხარგელიას და ნ. ხურცილავას გვამები ექსპერტიზის ბიუროს პროზექტურაში ინახებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორმა უცნობმა პირმა პროზექტურის მორიგე გზიდან ჩამოიცილეს, ცხედრები გაიტანეს და მანქანით მიმალნენ.
ამჟამად ბოროტმოქმედთა გვამების გამტაცებელთა ვინაობა დგინდება.
შგახსენებთ, რომ 11 იანვარს, ჯ. აქუბარდია, ლ. ხარგელია და ნ. ხურცილავა გვიან ღამით, გამოსასყიდის მიღების მიზნით, საკუთარი სახლის მიდამოებიდან გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი, გელა გერგედავა გაიტაცეს.
ის სოფელ რეფში მიტოვებულ სახლში გადამალეს, საიდანაც 12 იანვარს გამოქცევა შეძლო და მომხდარის შესახებ გალის რაიონის მილიციას აცნობა.
გელა გერგედავას თქმით, მან ისარგებლა მომენტით, როცა გამტაცებლებს ეძინათ, ფეხსაცმელში დამალული დანით ერთ-ერთ მათგანს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ორი კი - დაჭრა და ასე შეძლო თავის დაღწევა.
გერგედავას მიერ მოკლული პირი, მსგავსი დანაშაულებისთვის ძებნილი ჯათუ აქუბარდია აღმოჩნდა.
გამტაცებლების დასაკავებლად ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოფელ რეფში სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც ორმხრივი სროლის შედეგად აფხაზეთის ანტიტერორისტული ბიუროს თანამშრომელი ედუარდ ნერსესიანი და რუსეთის უშიშროების ფედრალური ბიუროს სასაზღვრო სამმართველოს სამხედრო მოსამსახურე ანდრეი უდალცოვი დაიღუპა.
სპეცოპერაციისას დაიღუნპენ გერგედავას სხვა გამტაცებლებიც.