საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის სამეფოში გაემგზავრა. მინდია ჯანელიძე ესპანელ კოლეგასთან პედრო მორენეს ეულატესთან გამართავს შეხვედრას. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი ესპანეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართება.
დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის სტუმრობა ესპანეთის ჯავშანსაწინააღმდეგო ბრიგადის ბაზაზე. ქართულ მხარეს მასპინძლობას ჯავშანსაწინააღმდეგო ბრიგადის მეთაური, ბრიგადის გენერალი ხოსე კონდე დე არხონა გაუწევს.
ესპანეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესპანელი მხატვრის აუგუსტო ფერერ დალმაუს ნახატების გამოფენას დაესწრება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ესპანელი მხატვარი ავღანეთში 2014 წლის გაზაფხულზე იმყოფებოდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ის საერთაშორისო მისიაში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ცხოვრობდა და მათ საქმიანობას ეცნობოდა. ესპანელმა მხატვარმა შთაბეჭდილებები ნახატებში ასახა. ტილოების გარდა, ქართველი სამხედროების ავღანურ მისიაზე წიგნიც დაიწერა.