ახალი სტადიონის მშენებლობა სოხუმში თითქმის დასრულებულია და ის ექსპლუატაციაში იანვრის ბოლოს შევა.
,,სინათლე ინთება, მწვანე საფარი დაგებულია, ტრიბუნები ხალხის მისაღბად მზად არის, რჩება მხოლოდ ლენტის გაჭრა", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ვიცე-პრემიერმა შამილ აძინბამ.
მისი თქმით, სტადიონი კი არის მზად გახსნისთვის, მაგრამ იმ ადგილზე მისი აშენება დიდი შეცდომა იყო.
,,დინამოს" სტადიონი ყოფილი ლესელიძის და ორჯონიკიძის (ამჟამად აბაზებისა და ვორონოვის) ქუჩებს შორის მდებარეობს. მისი მშენებლობა 2012 წელს დაიგეგმა და ამ პროექტისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტიდან 658 მილიონი რუბლი გამოიყო.
,,საკითხავია, რამდენად სჭირდება ქალაქს ეს ,,მონსტრი," რომელიც მის ცენტრშია აღმართული და რაც მთავარია, არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც საერთაშორისო მატჩების ჩასატარებლად არის განსაზღვრული." - აღნიშნავს ოკუპირებული აფხაზეთის ვიცე-პრემიერი.
საპირისპირო ინფორმაციას აწვდის ჟურნალისტებს სტადიონის მშნებელი კომპანიის ხელმძღვანელი, რომლის თქმით, 4 300 ადგილიანი სტადიონი FIFA-ს და UEFA-ს სტანდარტების მიხედვით აშენდა და როგორც რესპუბლიკური ისე საერთაშორისო დონის მატჩების ჩასატარებლად არის გათვლილი.
ახალი სტადიონის გარშემო სოხუმელთა აზრიც ორად არის გაყოფილი, ნაწილი მიიჩნევს, რომ სჯობდა თანხები ძველი, ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციას მოხმარებოდა და ის გაერემონტებინათ, ნაწილი კი ამბობს, რომ მოსწონთ ახალი სპორტული დაწესებულება, რომელიც მათი მომავალი თაობებისთვის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.