ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. საღვთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სინოდის წევრებთან ერთად ასრულებს.
წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება. წყალს უწმინდესი აკურთხებს და ახლად ნაკურთხ წყალს ტაძარში მლოცველებს ასხურებს. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს და მის წინა დღეს (წინადღესასწაულზე) ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყალკურთხევა აღესრულება. ნათლისღების დღესასწაულზე ხდება წყლის კურთხევა, ანუ დიდი აიაზმა. ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ. სიმბოლურად ეს განასახიერებს უფლის სამგზის შთაფვლას იორდანეში. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ენიჭება და იგი უხრწნელების თვისებებს იძენს. მისი სხურებით იწმინდება ტაძრები, სახლები, იგი მაკურნებელი ძალისაა. ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს შინ მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში უზმოზე მცირეოდენს მიირთმევენ, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და განსაცდელის დროს.