მიმდინარე წელს სეპარატისტული აფხაზეთის პირველ პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას 70 წელი შეუსრულდებოდა. მის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებების ჩასატარებლად ოკუპირებულ აფხაზეთში სპეციალური კომისია შეიქმნა.
კომისის წევრებმა დააყენეს ინიციატივა, რომ 2015 წელი აფხაზეთში არძინბას წლად გამოაცხადონ.
,,წინადადება, რომ 2015 წელი ვლადისლავ არძინბას წლად გამოცხადდეს, სავსებით გამართლებულია. ეს საჭიროა ახალი თაობებისთვის, ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც შესაძლოა არ იციან პირველი პრეზიდენტის ბიოგრაფია და ის ტრაგედია, რომელიც აფხაზმა ხალხმა მასთან ერთად გამოირა." - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, ვლადიმერ ზანთარიამ პირველ სამუშაო სხდომაზე.
მისი თქმით, არძინბას იუბილისთვის მზადებაში მონაწილეობას მიიღებენ ,,აფხაზეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის" და ჩრდილო კავკასიის ხალხთა წარმომადგენლები, ასევე საზღვარგარეთის აფხაზური დიასპორის წევრები.
ვლადისლავ არძინბა 1945 წლის 14 მაისს, სოხუმის რაიონის ქვემო ეშერაში დაიბადა, იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საბჭოთა ისტორიკოსი-აღმოსავლეთმცოდნე, ხეთოლოგი.
მონაწილეობდა 1992-93 წლების კონფლიქტში.
იყო სეპარატისტული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პირველი თავმჯდომარე, შემდეგ კი - პირველი პრეზიდენტი.
ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა 2010 წელს.