ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის განცხადებით,"თავისუფალი დემოკრატები" საკუთარი სურვილით თანამდებობის დატოვებას არ აპირებენ. როგორც ჟურნალისტებთან დოლიძემ დავით საგანელიძის განცხადების საპასუხოდ განმარტა ყველაზე მთავარია პრინციპი, კვალიფიციური კადრები და საქმის კეთება.
,,ჩვენ ჩვენი ნებით ამ ბერკეტის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებთ გამომდინარე იქიდან, რომ არ გვინდა ანალოგიური შეცდომები გავიმეოროთ, რომელიც წინა პარლამენტის დროს ხდებოდა. ამ პოლიტიკური საპარლამენტო ბერკეტის არგამოყენება პირიქით, უფრო დამაზიანებელი იქნება. თუკი უმრავლესობა ამას გადაწყვეტს, მათ მოუწევთ 76 ხმის დაგროვება და ამას პროცესი გვაჩვენებს", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პარლამენტში ,,თავისუფალი დემოკრატების" თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დაყენებას გეგმავს. როგორც ჟურნალისტებთან საგანელიძემ განმარტა საგაზაფხულო სესიაც საკმაოდ დატვირთული იქნება როგორც საკანონმდებლო ინიციატივებით, ასევე იმ საკადრო გადაწყვეტილებებით, რაც პარლამენტმა უნდა მიიღოს.
,,რაც შეეხება ვიცე-სპიკერის და კომიტეტის თავმჯდომარეების საკითხს, ვარ უმრავლესობის ლიდერი და, ბუნებრივია, უმრავლესობის კვოტას ვიცავ, რაც დღეის მდგომარეობით დარღვეულია, ამიტომ აღნიშნულ საკითხს დავაყენებ. ამ თემაზე ფრაქციებთან, პოლიტსაბჭოზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა, მაგრამ საკითხს განხილვისთვის დავაყენებ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.