საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობები კვლავ გამოწვევად რჩება.როგორც მინისტრმა საგარეო უწყების 2014 წლის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონსტრუქციული ნაბიჯების მიუხედავად ვერ მოხერხდა პროგრესის მიღწევა პოლიტიკურ ასპექტებში.
"გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენი მხრიდან გამოჩენილი კონსტრუქციულობის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება რუსეთთან ურთიერთობები. საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა არაერთი ნაბიჯი დაძაბული ურთიერთობების დეესკალაციის მიზნით, კერძოდ, შემოიღო სპეციალური წარმომადგენლის პოსტი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, უარი თქვა სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტზე და სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა შესთავაზა მოსკოვს, დაიწყო სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზაცია. ამ პრაგმატული მიდგომის შედეგად, მართალია, შესაძლებელი გახდა გარკვეული პოზიტიური დინამიკის შექმნა რუსეთთან ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში, თუმცა ვერ მოხერხდა პროგრესის მიღწევა პოლიტიკურ ასპექტებში", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.