საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იმყოფება. დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა დავით ტონოიანი, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ენრიკო აპრიამოვი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროში მიიღო.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება რეგიონის უსაფრთხოების საკითხზეც გაამახვილეს. საუბრისას აღინიშნა, რომ 2015 წელს მეზობელ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება განათლება იქნება.
დღესვე, მეზობელი ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი.
მოგვიანებით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრებიან. ეროვნულ აკადემიაში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ტონოიანი იუნკერებს წაუკითხავს ლექციას თემაზე - „რეგიონული უსაფრთხოება სომხეთის გადასახედიდან".