ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ თავისი კრიმინალური "მთავრობის" წარმომადგენლებთან გაფართოებული თათბირი ჩაატარა.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, რიგ საკითხთა გარდა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პასპორტიზაციის საკითხიც განიხილებოდა.
კოკოითის განცხადებით, ე. წ. სამხრეთ ოსეთში ახალი პასპორტების გაცემის პროცესი 2011 წლის მაისისთვის უნდა დასრულდეს.
"სახელმწიფოს მეთაურმა შესაბამის სტრუქტურებს დაავალა მკაცრი კონტროლი განეხორციელებინათ სამხრეთოსური პასპორტების გაცემაზე", _ იუწყება ოსური მხარე.
მათი ინფორმაციით, კოკოითის განკარგულებით, ძველი პასპორტების ახალი პასპორტებით შეცვლის პერიოდში უნდა შეწყდეს იმ პირებისათვის ე. წ. სამხრეთ ოსეთის "პასპორტების" გაცემა, რომლებიც ე. წ. სამხრეთ ოსეთში არ ცხოვრობენ.
"ძველი პასპორტების ახალი პასპორტებით შეცვლის პერიოდში უნდა შეწყდეს იმ პირებისთვის პასპორტების გაცემა, რომლებიც სამხრეთ ოსეთში არ ცხოვრობენ. 2011 წლის მაისისთვის ძველი პასპორტების ახლით შეცვლის პროცესი უნდა დავასრულოთ", _ განაცხადა კოკოითიმ.