საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმიანება საფრანგეთში განხორციელებულ პროცესებს დამ ას გამოხატვის წინააღმდეგ მიმართულ ბარბაროსულ აქტს უწოდებს. როგორც საგარეო უწყებაში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრესპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა აღნიშნული ტერაქტებით კიდევ ერთხელ დადასტურდა რადიკალური იდეოლოგიისა და მიმდინარე საფრთხეების სერიოზულობა.
,,გუშინ პარიზში ტერორიზმის და რადიკალური ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამართულმა მილიონიანმა მარშმა ერთად შეკრა საერთაშორისო თანამეგობრობა. ეს გახლდათ უპრეცედენტო მსოფლიო კონსოლიდაციის დემონსტრირება, რასაც საქართველოც უერთდება და კვლავ ადასტურებს სოლიდარობას მთელი დემოკრატიული სამყაროს მიმართ," - განაცხადა დავით კერესელიძემ.
სოლიდარობის აქცია საფრანგეთის დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. მარშის დასრულების შემდეგ, ხალხი პარიზის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა.
კვირას საფრანგეთში ტერორისტული აქტების სერიის შედეგად დაღუპულების საპატივსაცემოდ გამართულ მარშში მონაწილეობა მილიონ-ნახევარმა ადამიანმა მიიღო.
მსვლელობას პარიზის ქუჩებში შეუერთდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. გერმანიის, იტალიის, ისრაელის, თურქეთის, ბრიტანეთის, პალესტინის და სხვა სახელმწიფოების მეთაურები ფრანსუა ოლანდთან ერთად, რესპუბლიკის მოედნიდან ხელჩაკიდებულები დაიძრნენ.
უსაფრთხოებას მასშტაბური აქციის დროს 2 ათასზე მეტი პოლიციელი იცავდა. პარიზის ერთიანობის მარშს უკვე უწოდეს საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე დიდი დემონსტრაცია.
მასალის გამოყენების პირობები