პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს, პარიზში, სატირული ჟურნალის "Charlie Hedbo" რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ტერორიზმს გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს.
,,დიდი მწუხარებით შევიტყვე იმ უმძიმესი ტრაგედიის შესახებ, რომელიც ფრანგ ხალხს დღეს დაატყდა თავს. ეს საზარელი ტერაქტი არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ იყო მიმართული. ტერორიზმს გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს. სიტყვისა და პრესის თავისუფლება ის უზენაესი უფლებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული. ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს. ამ მძიმე წუთებში ფრანგი ხალხის გვერდით ვდგავართ", _ნათქვამია პრემიერის სამძიმრის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 7 იანვარს, პარიზში, სატირული ჟურნალის "Charlie Hedbo" რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმის დროს, დაიღუპა 12 და დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი.