რიგითი დათო გელაშვილი კვირას, 28 დეკემბერს გარდაცვლილი იპოვეს. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით 28 დეკემბერს რიგითი დათო გელაშვილი დათხოვნაში იმყოფებოდა.
სამინისტრო I კლასის რიგითის, დათო გიას ძე გელაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1994 წლის 11 აპრილს დაბადებული დათო გელაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2012 წლის 18 დეკემბრიდან ირიცხებოდა. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე საკონტრაქტო სამსახურს IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე მექანიზირებულ ბატალიონში ასრულებდა.
საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი იძიებს.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, "აჭარაბეთის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები