დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მინდია ჯანელიძე, მოადგილეებთან, ლევან ღირსიაშვილთან და კახა ოქროჯანაშვილთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს, დავით სუჯაშვილსა და მის მოადგილეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სამინისტროსა და კრიზისების მართვის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებსა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას.
„დღეს შედგა საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელობასთან. ჩვენ ვისაუბრეთ მომავალ წელს საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების საკითხებზე. გვაქვს საკმაოდ საინტერესო გეგმა, რომელსაც საბჭოსთან ერთად განვახორციელებთ. ასევე ვისაუბრეთ ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობაზე საერთაშორისო მისიებში, კერძოდ, ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხზეც იმსჯელეს, რაშიც თავდაცვის უწყება მონაწილეობას იღებს, როგორც ერთ-ერთი კონტრიბუტორი.
„განვიხილეთ საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროს შორის კოორდინაციის საკითხები, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები, ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში. ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება", -აღნიშნა დავით სუჯაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები