სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთაგან 12 ადამიანის ცხედარი ამოცნობილია.
ამის შესახებ ინფორმაციას ~რია ნოვოსტი~ მოსკოვის მერზე იური ლუჟკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით ჩვენ ყველა თანაგრძნობას გამოვხატავთ. რამდენადაც დაღუპულების ამოცნობისა და პოლონეთში გამგზავრების ორგანიზება მოსკოვში უნდა მოხდეს, შტაბი მოსკოვში შეიქმნა. ცხედრები ღამით უკვე გადაასვენეს. ყველა აეროპორტი მზადაა, აეროპორტებთან ახლოს სააფთიაქო ჯიხურებია გაშლილი, დაღუპულების ნათესავებისთვის კი სასტუმროებში 200 ადგილია დაჯავშნული", - განაცხადა ლუჟკოვმა.
ამასთან, ლუჟკოვის ინფორმაციით, დღეს რუსეთში დაღუპულთა ნათესავები რამდენიმე რეისით ჩაფრინდებიან.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 93 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია, თუმცა პოლონურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის დაშვების დროს ძლიერი ნისლი იყო. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა. კატინის ტრაგედიის დროს წითელმა არმიამ ათასობით პოლონელი დახვრიტა.