რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პოლონეთის პრეზიდენტის, მთავრობის წევრებისა და სხვა ოფიციალური პირების ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო 12 აპრილი გლოვის დღედ გამოაცხადა.
"რუსი ხალხის სახელით სამძიმარს ვუცხადებ პოლონელ ხალხს მომხდარი ტრაგედიის გამო. ორშაბათი 12 აპრილი რუსეთში საერთო ნაციონალური გლოვა გამოცხადდება", _ განაცხადა მედვედევმა პოლონელი ხალხისადმი გაკეთებულ მიმართვაში.
მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეები შეძრულნი არიან მომხდარი ტრაგედიით.
"კაჩინსკი მოფრინავდა რუსეთში იმისათვის, რომ პირადად მიეგო პატივი გარდაცვლილი პოლონელი ოფიცრების ხსოვნისათვის _ როგორც პრეზიდენტს და როგორც თავისი ქვეყნის მოქალაქეს. რუსეთის ყველა მოქალაქე იზიარებს თქვენთან ერთად მწუხარებასა და გლოვას", _ განაცხადა მედვედევმა თავის მიმართვაში.
აღსანიშნავია რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით პოლონეთის პრეზიდენტისა და მისი თანმხლები პირების ტრაგიუკულად დაღუპვის გამო, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით გლოვის დღედ 11 აპრილი გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ავიაკატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია კაჩინსკი, პოლონეთის მთავრობის წევრები, დეპუტატები, ოფიციალური და სასულიერო პირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და კატინში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.