საყდრისთან დაკავშირებით არის რაღაც ვიწრო ჯგუფის მიერ გამოჩენილი ინტერესი, რომელსაც ჰქონდა გრანტი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა სამტრედიაში საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს ჯგუფი დამატებით ელოდებოდა გრანტს, რომ იქ გაეგრძელებინათ არქეოლოგიური გათხრები.
"ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გავაკეთოთ არჩევანი ორ სიკეთეს შორის. აქეთ არის, 3 ათასი ოჯახის შენახვა და კეთილდღეობა და მეორე მხრივ, სტერილური არქეოლოგიური ობიექტი. მივმართავ საზოგადოებას, რომელი გვირჩევნია, გადავარჩინოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტი, რომელიც მთლიანად მიბმულია ამ კამპანიაზე, თუ შევინახოთ და არაფერში გამოგვადგეს ეს ობიექტი. "არემჯი" ჩემი ინფორმაციით, 80%-ით ფარავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხარჯებს, სახელმწიფოს აქვს მინიმალური დანახარჯები მუნიციპალიტეტის შენახვაში და წელს უკვე ჩვენ გავიღეთ 9 მილიონ ლარზე მეტი იმისთვის, რომ შეგვენახა მუნიციპალიტეტი, რადგან ხელფასების გაცემის რისკიც კი არსებობდა. "არემჯი" მზად არის, ობიექტზე მოძიებული არტეფაქტები ბოლნისში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მუზეუმში გადაიტანოს, რომელსაც, თავად ააშენებს", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერ-მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ მსჯელობაში საზოგადოება ჩაერთოს.
"ისე არ უნდა მოხდეს, რომ ნაბან წყალს ბავშვი გადავაყოლოთ. მინდა მივმართო საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. მოვუწოდებ, შეხვდნენ ამ სამი ათას ოჯახს, ბოლნისის მოსახლეობას გაესაუბრონ და გაარკვიონ მეორე მხარეს არსებული სიმართლე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.