პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მე-8 მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა. პარლამენტი მომდევნო კვირაში რიგგარეშე სესიის ფორმატში იმუშავებს. ამის შესახებ, განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
მისი განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე ქვეყნის პრეზიდენტს მიმართავს.
ბიუროს სხდომაზე VIII მოწვევის პარლამენტის 2014 წლის 24 დეკემბრიდან მოწვეული რიგგარეშე სესიის დღის წესრიგი დაამტკიცეს.
წარმოდგენილი დღის წესრიგით პირველი, მეორე და მესამე მოსმენით განსახილველი ოცდაათზე მეტი საკითხი, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხებია გათვალისწინებული.
პარლამენტი რამდენიმე დადგენილების პროექტსაც განიხილავს.
სხდომაზე კანონმდებლები კომიტეტების მიერ 2013 წლის საშემოდგომო და 2014 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს მოისმენენ.
ბიუროს გადაწყვეტილებით, ბიუროს მომდევნო სხდომა ორშაბათს, 22 დეკემბერს, 15 საათზე გაიმართება.