ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ მიტოვმა საქართველოს ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოულოცა.
მიტოვის განცხადებით, შეთანხმება კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოს ევროპასთან თანამშრომლობას ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და სამართლებრივ საკითხებში. ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, რომელიც დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ პრინციპებზე, ადამიანთა უფლებების დაცვის, ძირითადი თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე. ასოცირების შეთანხმება არის ბულგარეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრავი ფაქტორი.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ბულგარეთი მზად არის გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. ასევე კონკრეტული და პრაქტიკული დახმარება გაუწიოს რეფორმების გატარების საქმეში, ასოცირების შეთანხმებისა და ვიზის ლიბერალიზაციის გეგმის შესაბამისად აღებული ვალდებულების შესრულებაში. ბულგარეთი ასევე მზად არის გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სახსრების ათვისებაში და ასევე თანამშრომლობის განვითარების კუთხით. ბულგარეთი კვლავ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და თვლის, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება სარგებლობას მოუტანს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში.
შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის პარლამენტმა ამა წლის 24 ივლისს უკვე მოახდინა შეთანხმების რატიფიცირება