საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისი მისამართით გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და განმარტავს, რომ მზადაა პუტინს მემუარების დაწერა ჩააბაროს.
„ოღონდ პუტინმა თავი დაანებოს იმას, რასაც აკეთებს, მასაც სიამოვნებით შევაწევ სიტყვას და მზად ვარ ავიყვანოთ ჩვენს ინსტიტუტში და ჩავაბაროთ რამე მემუარების დაწერა, ოღონდ ჩამოშორდეს იმ საქმეს, რასაც ახლა აკეთებს," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე განმარტებით, საქართველოს დღევანდელი მმართველები და პუტინი ერთადერთი ხალხია მსოფლიოში, რომლებიც ლაპარაკობენ ერთი ტერმინებით.
,,რუსეთი უსკრულში იცეხება და მისი პრეზიდენტი პოულობს დროს რომ ისევ ილაპარაკოს ჩემზე. ჩვენთვის უბედურება ისაა, რომ საქართველოს დღევანდელი მმართველები და პუტინი ერთადერთი ხალხია მსოფლიოში ლაპარაკობენ ერთი ტერმინებით, ერთი გემოვნების არის და ერთი და იგივე რამ უნდათ. მე მგონი ამან უნდა დაგვაფიქროს. ჩვენი უკან დახევა დროებითია. მართალია, პუტინმა დასვა თავისი გემოვნების შესაბამისი მმართველი 2 მილიარდ დოლარად, მაგრამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ჩემი სხეულის ნაწილებზე, რა ეპითეტებითაც არ უნდა შემამკოს, მთავარი აქ პიროვნული დაპირისპირება ნამდვილად არ არის. მთავარი არის ის, რომ ჩვენ შევქმენით იდეა, რომელიც ვერ დამარცხდება. დროებით ამ იდეამ უკან დაიხია, მაგრამ ის აღმოცენდა უკრაინაში, ამ იდეამ ახლახან გაიმარჯვა მოლდოვაში და ის აუცილებლად გაიმარჯვებს რუსეთში და ეს არის თავისუფლების იდეა, რომლის განსახიერებად და სიმბოლოდ იქცა ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებდით საქართველოში," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ,,რუსთავი-2"-თან საუბარში.
,,სააკაშვილს ყველგან ისე სდევნიან, როგორც ტილიანს აბანოში. მას ამერიკის შერთებულ შტატებში სამუშაო ვიზაც არ მისცეს. მერწმუნეთ, ამაში მე არა ვარ დამნაშავე." - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ მეათე, საიუბილეო პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ყოფილ ლიდერზე საუბრისას მან ისიც აღნიშნა, რომ ყოველთვის აფრთხილებდა მიხეილ სააკაშვილს, კონფლიქტურ რეგიონებში საომარი მოექმედებებისთვის არ მიემართა, მაგრამ ამ უკანასკნელმა მისი გაფრთხილება ყურად არ იღო.