დღეს, საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა აფხაზეთში მცხოვრებმა 250-მდე ქართველმა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას მუდმივად ეზღუდება რელიგიის თავისუფლება. კერძოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ტაძრებში აკრძალულია ქართულ ენაზე ღვთისმსახურება, ეთნიკურად ქართველ სასულიერო პირებს კი იდევნებიან. ამის შესახებ სახალხო დამცველის პრესსამსახური იუწყება.
განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ წარსულში ადგილობრივი მოსახლეობას საეკლესიო რიტუალებს ზუგდიდის რაიონის ეკლესია-მონასტრებში ესწრებოდა, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრების მკაცრი კონტროლის გამო ამჟამად ეს შეუძლებელია.
ამასთან, განცხადებლები მიუთითებენ, რომ დარბეული და გაძარცვულია მრავალსაუკუნოვანი ქართული ეკლესია-მონასტრები, ხუროთმოძღვრების ძეგლები და სიწმინდეები.
სახალხო დამცველის აპარატს ყურადღებას ამახვილებს მთელ რიგ ვალდებულებებზე, რომლებიც ეკისრება ოკუპანტ სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით. კერძოდ, ოკუპანტი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ კანონმდებლობას, მიიღოს ზომები საჯარო წესრიგისა და უსაფრთხოების აღდგენისა და უზრუნველყოფისათვის. დაუშვებელია მოსახლეობის ტყვედ აყვანა. ამასთან, ოკუპანტი სახელმწიფო ვალდებულია პატივისცემით მოეპყროს სასულიერო პირებს და კულტურულ მემკვიდრეობას.
"განცხადებაში აღწერილი ქმედებები ასევე წარმოადგენს რელიგიის თავისუფლების დარღვევას, რომელიც გარანტირებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. აღნიშნული უფლება ასევე დაცულია საქართველოს კონსტიტუციის ადამიანის უფლებათა კატალოგით, რომლის მიხედვითაც ყოველ ადამიანს აქვს აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. გარდა ამისა, განცხადების ტექსტის მიხედვით იკვეთება ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, რაც ასევე წარმოადგენს როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ასევე ზემოთაღნიშნული საერთაშორისო აქტების დარღვევას", - ნათქვამია სახლახო დამცველის განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს, როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ყურადღებით მოეკიდონ განცხადებაში წარმოდგენილ დარღვევებს და გადადგან ქმედითი ნაბიჯები აღნიშნული დარღვევების აღსაკვეთად.