პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, სალომე ზურაბიშვილი "ალიანსს" არჩევნებზე ხმებს ვერ მოუტანს.
"კარგი და დადებითია "საქართველოს გზისა" და "ალიანსი საქართველოსთვის" გაერთიანება და რაც უფრო მეტი პოლიტიკური ძალა გაერთიანდება, მით უფრო მისასალმებელია, მაგრამ ზურაბიშვილის ამ ნაბიჯს "ალიანსისთვის" გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება. არამგონია, არჩევნებზე "საქართველოს გზამ" ამ გაერთიანებას იმდენი ხმა მოუტანოს, რომ არჩევნების შედეგებზე პოზიტიური გავლენა მოახდინოს", - განუცხადა ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" "ალიანსი საქართველოსთვის" რიგებში "საქართველოს გზის" გაწევრიანებაზე კომენტირებისას.
ამასთან, პოლიტოლოგის აზრით, აღნიშნული გაერთიანება არც თავად ზურაბიშვილის პარტიის მხარდამჭერი ელექტორატისთვის იქნება "მაინცდამაინც მისაღები".
"ზურაბიშვილის პარტიას სპეციფიური ელექტორატი უჭერს მხარს. რამდენადაც ვიცი, მის მხარდაჭერთა ძირითად ნაწილს საშუალო ასაკს გადაცილებული ქალები შეადგენენ. აქედან გამომდინარე, ეჭვი მეპარება "ალიანსში" "საქართველოს გზის" გაწევრიანებას მათი მხრიდან მასობრივი მხარდაჭერა მოჰყვეს", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.
გარდა ამისა, სოსო ცინცაძის აზრით, "ალიანსისა" და ზურაბიშვილის პოლიტიკურ გაერთიანებას არსებობის მხოლოდ რამდენიმეთვიანი პერსპექტივა აქვს და ის არჩევნების შემდეგ დაიშლება.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს გზა" "ალიანსი საქართველოსთვის" შეუერთა. ამის შესახებ ოფიციალურად დღეს გაცხადდა.