გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონების მოსახლეობისთვის პასპორტების მასობრივი შემოწმება-ჩამორთმევის შემდეგ სოხუმის მოსახლეობის ჯერიც დადგა
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებაში იუწყებიან, პასპორტების შემოწმებამ მოქალაქეობის შესახებ კანონის მრავალი დარღვევა გამოავლინა.
სწორედ ამ პრობლემას მიეძღვნა უკანონო პასპორტიზაციის საკითხებში საპარლამენტო კომისიის გაფართოებული სხდომა, რომელსაც აფხაზეთის შსს-ს, გენერალური და რაიონული პროკურატურის წარმომადგნელები და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.
დასახელებული სამი რაიონის გარდა, სხვა რაიონების შემოწმებაც არის დაგეგმილი, რათა პასპორტის გაცემის ყველა უკანონო შემთხვევა გამოავლინონ.
,,უკანონო პასპორტიზაციის შემთხვევების აღმოსაჩენად აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე სპეციალური სამუშაოები უნდა ჩავატაროთ. ჯერ-ჯერობით მხოლოდ რეგიონის აღმოსავლეთი რაიონები შევამოწმეთ, ამჯერად გულირიფშიდან გაგრამდე რაიონებს მოვიცავთ." - განცხადა საპარლამანეტო კომისიის თავმჯდომარემ, ასლან კობახიამ.
ქალაქ სოხუმის პროკურატურას უკვე შემუშავებული აქვს შემოწმების გეგმა, შეკრებილია ყველა იმ პასპორტის მონაცემი, რომელიც 2006 წლიდან 2013 წლამდე გაიცა.
ოკუპირებული აფხაზეთის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ცნობებით, 2006 წლიდან დღემდე სოხუმში 50 513 პასპორტია გაცემული, მათგან დღეისთვის შემოწმებულია 3 297.
ქალაქ სოხუმის პროკურორის თქმით, საპასპორტო დარღვევები მისი გამცემი ორგანოს მიერ არის დაშვებული, ამიტომ განყოფილებებში არავის დაიბარებენ. პროკურატურის წარმომადგენლები თავად ეხლებიან იმ მოქალაქეებს შინ, ვისაც გასულ წლებში პასპორტი აქვს აღებული და ადგილზე შეამოწმებენ მის კანონიერებას.
იგივე ღონისძიებები ჩატარდება რაიონებშიც.
საბოლოოდ მიღებულ შედეგებს კომისია პარლამენტს და მოსახლეობას მომავალში გააცნობს.
აფხაზეთის მოქალაქის ახალი პასპორტის ნიმუშების გაცემა ოკუპირებულ აფხაზეთში მომავალი წლიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთში, მიმდინარე წლის ზაფხულში, ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე გალის მოსახლეობას, უკანონო პასპორტიზაციის მოტივით, მასობრივად ჩამოართვეს აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი, რომელიც მათ სრულიად ლეგალურად, აფხაზურ საპასპორტო ბიუროებში ჰქონდათ აღებული.