საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სხვადასხვა პროფესიის წარმატებული მოღვაწეები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
ორდენი 16 ცნობილ ადამიანს, მათ შორის მწერალ გურამ დოჩანაშვილს, ექიმ ფრიდონ თოდუასა და კონსერვატორიის რექტორ მანანა დოიჯაშვილს გადაეცა.
სააკაშვილის განცხადებით, გურამ დოჩანაშვილმა ლიტერატურა ყველა თაობას შეაყვარა.
პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით პედაგოგი ლამარა მარგველაშვილი, დიპლომატი ეკატერინე მიქაძე და არქიტექტორი მიქელე დელუჩი დააჯილდოვა. დელუჩიმ საქართველოში პრეზიდენტის სასახლის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობისა და ევროპის მოედანზე აშენებული ახალი ხიდის პროექტი შექმნა.
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ახალი ორდენია, რომლით დაჯილდოებაც დღეს პირველად მოხდა.