"ალიანსი საქართველოსთვის" ოფისში "ალიანსის" ლიდერების სოზარ სუბარის და ირაკლი ალასანიას შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ სუბარმა და ალასანიამ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ "ალიანსმა" ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დაასრულა და წინასაარჩევნო კამპანიას გააგრძელებს.
"შევაჯამეთ იმ კონსულტაციების შედეგები, რომელსაც სოზარ სუბარი ბოლო დღეების განმავლობაში აწარმოებდა. ჩვენ გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ამ ეტაპზე ჩვენი პოზიცია სალომე ზურაბიშვილის პოზიციას დაემთხვა, რომელთანაც გავაგრძელებთ კონსულტაციებს; დანარჩენ პარტიებთან კი, შეთანხმება ვერ მოხერხდა", - განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ ამ მიზეზების გამო "ალიანსი" კონსულტაციებს დასრულებულად აცხადებს.
ალასანიას თქმით, ამ კონსულტაციებით "ალიანსმა" სცადა ყველა გზა, რათა მიეღწია შეთანხმებისთვის და ოპოზიცია თბილისის მერის არჩევნებში ერთიანი კანდიდატით წარდგენილიყო.
შეგასენებთ, რომ ერთიანი კანდიდატების შერჩევის საკითხზე "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი კონსულტაციებს "დაიცავი საქართველოს" ლიდერ ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად მართავდა. ამასთან, კონსულტაციების პროცესში სუბარი და გაჩეჩილაძე შეხვდნენ "ეროვნულ საბჭოს", "ლეიბორისტებს"მ ნინო ბურჯანაძეს და „მრეწველებს".