ოკუპირებული აფხაზეთის მოქმედი კონსტიტუცია უახლოეს პერიოდში რეფორმას უნდა დაექვემდებაროს, - ამის შესახებ გუშინ, კონსტიტუციის დღის ოცი წლისთავისადმი მიღვნილ საზეიმო შეხვედრაზე ე. წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ის ხელს მოაწერს სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ ბრძანებულებას, რომლის შემადგენლობაშიც საკონსტიტუციო სამართლის სპეციალიტები და საზოგადოების წევრები შევლენ.
,,ამ საქმეში საჭიროა ჩაიდოს ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, სადაც ჩვენი მოქალაქეების, სოციალური ჯგუფების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების თუ ექსპერტების აზრი იქნება გათვალისწინებული, რათა მათგან მიღებული და დასაბუთებული არც ერთი არგუმენტი და წინადადება ყურადღების მიღმა არ დარჩეს.
კონსტიტუციის რეფორმირებისთვის აუცილებელია ისეთი ბერკეტების შემუშავება, რომლებიც ხეისუფლების კონტროლის გარანტიებს მოგვცემს." - აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. მოქმედი კონსტიტუცია 1994 წლის 26 ნოემბერს მაშინდელმა დე ფაქტო უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა.
მნიშვნელოვანი ცვლილებები დოკუმენტში მას შემდეგ არ შესულა.