საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე სამთავრობო საათზე ჯანდაცვის მინისტრის დაბარებას ითხოვს.
აღნიშნული მოთხოვნა თარგამაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააჟღერა და აქვე განმარტა, რომ ალექსანდრე კვიტაშვილმა დეპუტატებს ინფორმაცია ჰოსპიტალური სექტორის განვითარების ახალი სქემის დაწყებასთან დაკავშირებით უნდა მიაწოდოს.
"პარლამენტისადმი უპატივცემულობაა ის, რომ აღნიშნული რეფორმა მთავრობამ პარალმენტის გარეშე დაიწყო. ამიტომაც, ვითხოვთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი სამთავრობო საათზე მოვიდეს... ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმაზე სასაუბროდ სანდრო კვიტაშვილი პარალმენტში ჯერ კიდევ იანვარში უნდა მისულიყო, თუმცა ეს დღემდე არ მომხდარა", - განაცხადა თარგამაძემ.
გარდა ამისა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი "ბლოკ-ჯორჯიასთან" კონტრაქტის შეჩერების ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ძალა ორი წელია ამ კომპანიის უმოქმედობაზე საუბრობს.
"კარგია, რომ ორი წლის შემდეგ მაინც მიხვდა პრეზიდენტი, რომ ეს კომპანია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას აჩანაგებდა. მიუხედავად იმისა, რომ "ბლოკ-ჯორჯიასთან" ხელშეკრულება მთავრობამ უკვე შეწყვიტა, ეს საკითხი ამით არ უნდა დასრულდეს და მოვითხოვთ საქმე მთავარმა პროკურატურამ შეისწავლოს. გამოძიებული უნდა იყოს, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ისტორია, რათა გამოვლინდნენ და დაისაჯონ ის პირები, რომელთაც "ბლოკ-ჯორჯიასთან" შესაბამისი შეთანხმება ასე უპასუხისმგებლოდ გააფორმეს", - განმარტა დეპუტატმა.
აღსანიშნავია, რომ კვიტაშვილის სამთავრობო საათზე დაბარებასთან დაკავშირებით თარგამაძის მოთხოვნას სხდომაზევე გამოეხმაურა მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი, რომლის განმარტებითაც, ჯანდაცვის მინისტრი სანდრო კვიტაშვილი პარლამენტში მისასვლელად "ნებისმიერ ფორმატში" მზად არის.
"მთვრობა ელოდება თქვენს გადაწყვეტილებას ფორმატთან დაკავშირებით და ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს", - განმარტა ხუროშვილმა.