საწყენია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰგონია, რომ ადამიანის უფლებები უფრო დაბლა დგას, ვიდრე უშიშროება, - ამის შესახებ, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება- რესპუბლიკელების" წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს პარლაენტში განუცხადა.
მისი თქმით, ფარული მოსმენების შესახებ, უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის ტექსტი შს მინისტრის ლევან იზორიას ტექსტს ჰგავს.
"ჩვენ ვიხრებით დემოკრატიისკენ - ისინი იხრებიან უშიშროებისკენ. ეს მთელს მსოფლიოში ცნობილი კამათია, ადამიანის უფლებები უფრო მაღლა დგას თუ უშიშროება. საწყენია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰგონია, რომ ადამიანის უფლებები უფრო დაბლა დგას, ვიდრე უშიშროება. ჩვენ არ ვიცით ვინ დაწერა ეს კანონპროექტი, ის შეიძლება არ ჰგავდეს ბესელიას დაწერილს, რადგან ტექსტი ძალიან ჰგავს ლევან იზორიას ტექსტს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ფარული მიყურადების ე.წ. გასაღების საკითხზე მომზადებულ ორ კანონპროექტს დეპუტატები დღეს, პარლამენტის პლენარულ სხლომაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.
პარლამენტში დარეგისტრირებული კანონის ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, რომლის ავტორები ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ირაკლი სესიაშვილი არიან, პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს და შსს-ს ექნება, თუმცა მოსმენის ნებართვას ორივე შემთხვევაში სასამართლო გასცემს.
ე.წ. გასაღების საკითხზე კიდევ ერთი წინადადების მიხედვით, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეს ეკუთვნის, პერსონალურ მონაცემებზე წვდომა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ექნება.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პროცესში აქტიურად არიან ჩართულიი, ე.წ. "გასაღები"- ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დარჩენას ეწინააღმდეგებიან.