1-ელ დეკემბერს, თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი კინოთეატრ "ამირანში" მოჰსენ მაჰმალბაფის ფილმით "პრეზიდენტი" გაიხსნება.
კინოფესტივალი 6 დეკემბერს კინოთეატრ "ამირანში" უმბერტო პაზოლინის ფილმით "წყნარი ცხოვრება", დაიხურება. დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდებიან კინოფესტივალის გამარჯვებულები. საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ ფესტივალის მთავარი პრიზები:ოქროს პრომეთე - საუკეთესო ფილმისთვის. ვერცხლის პრომეთე - საუკეთესო რეჟისურისთვის.
ფესტივალის საერთაშორისო კონკურსის ჟიური: მარკო მიულერი - კინომცოდნე, ჟიურის თავმჯდომარე (იტალია);პიტერ ვებერი - რეჟისორი (დიდი ბრიტანეთი); რეზა მირკარინი - რეჟისორი (ირანი); სევერია იანუშაუსკაიტე - მსახიობი (ლიტვა); ნანა ექვთიმიშვილი - რეჟისორი (საქართველო).
ქართულ პანორამაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:საუკეთესო ფილმი; საუკეთესო რეჟისორი; საუკეთესო მსახიობი ქალი; საუკეთესო მსახიობი მამაკაცი.
ტრადიციული სექციის ფარგლებში გაიმართება ეროვნული კონკურსი, რომელშიც მხოლოდ ქართული წარმოების, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები მიიღებენ მონაწილეობას. ორ ტრადიციულ ნომინაციას დაემატა საუკეთესო მსახიობი ქალი და მამაკაცის ნომინაციები. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფესტივალის პრიზი - პრომეთე, საუკეთესო ფილმის ავტორი კი ბერლინის კინოფესტივალზე გაემგზავრება.
ქართული პანორამის ჟიური: ულრიხ გრეგორი - კინომცოდნე და კრიტიკოსი, ბერლინის კინოფესტივალის ფორუმის სექციის დამაარსებელი (გერმანია); ერიკა გრეგორი - კინომცოდნე და კრიტიკოსი, ბერლინის კინოფესტივალის ფორუმის სექციის დამაარსებელი (გერმანია); ნაუმ კლეიმანი - კინომცოდნე (რუსეთი).
დაწესებულია აგრეთვე ფარაჯანოვის სახელობის პრიზი, რომელიც განსაკუთრებული კინოესთეტიკისთვის გადაეცემა შერჩეულ ფილმს. პრიზი ხელოვნებისა და კულტურათშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდმა დააწესა.
ჩვენებები გაიმართება კინოთეატრებში "ამირანი" და "რუსთაველი".
თბილისის მე-15 საერთშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერია: თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი.