მთავარი საპროტესტო აქცია, რომელზეც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელშეკრულების გაფორმების მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ, ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან გაიმართა.
აქციის ორგანიზატორი ოკუპირებული აფხაზეთის წინა მოწვევის პარლამენტის ყოფილი სპიკერი ირინა აგრბა იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, შეკრებილები დოკუმენტზე ხელმოსაწერად სოჭისკენ მიმავალ რაულ ხაჯიმბას კორტეჟს ელოდებოდნენ. მათი მიზანი ე. წ. პრეზიდენტისთვის გზის გადაკეტვა და საზღვარზე არგაშვება იყო. თუმცა ყველაფერი აფხაზ სამართალდამცავებთან და საკონტროლო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებთან ფიზიკური შეხლა-შემოხლით დასრულდა და აქციის მონაწილეებმა მიზანი სისრულეში ვერ მოიყვანეს.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ გუშინ სოჭში ,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ" დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
ამ ფაქტთან დაკავშირებით სოხუმში გუშინვე ორი მიტინგი გაიმართა.
ერთ აქციაზე ხელშეკრულების მომხრეები შეკრიბნენ, ხოლო მეორეზე - მოწინააღმდეგეები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხსენებული დოკუმენტი აფხაზეთის სუვერენიტეტს არღვევს.