ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განცხადა, რომ ხელშეკრულების ხელმოსაწერად სოჭში ვალმოხდილი მიდის, ვინაიდან რუსეთთან შეთანხმებული დოკუმენტი აფხაზეთის კონსტიტუციას მთლიანად შეესაბამება და მათი უსაფრთხოების კოლექტიურ სისტემას უზრუნველყოფს.
მისი თქმით, ეს ხელშეკრულება რუსეთთან ურთიერთობაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და განსაკუთრებით მისასალმებელი ისაა, როცა საკითხი აფხაზი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება.
,,ეს მსოფლიო ტენდენციაა, ვინაიდან საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების მოგვარება, მხოლოდ საკუთარი ძალებით,ზოგიერთ მსხვილ სახელმწიფოსაც არ შეუძლია. ამ ხელშეკრულების მიხედვით კი, აფხაზეთი რუსეთის დახმარებით შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას შეძლებს, ჩვენს არმიას თანამედროვე იარაღით მოამარაგებს და მნიშვნელოვნად აამაღლებს მის ბრძოლისუნარიანობას." - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
ის დარწმუნებულია, რომ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით აფხაზეთი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიებს ხანგრძლივი დროით მიიღებს.
,,ეს იქნება ორი, თანაბარი უფლების მქონე, სუვერენული სახელმწიფოს ურთიერთობა." - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა და ხაზი გაუსუვა იმ ფაქტსაც, რომ ხელეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, გაწერილ ვადებში, რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ხელფასებისა და პენსიების გაზრდას და რუსეთში დღეისთვის არსებული საშუალო მაჩვენებლისთვის გათანაბრებას გეგმავს.
ამასთან, ხაჯიმბამ თავის მოქალაქეებს შეახსენა, რომ რუსეთის მხარდაჭერა მუდმივი არ იქნება, ამიტომ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ფედერაციიდან მიღებული სახსრები საკუთარი ეკონომიკის ასაღორძინებლად უნდა გამოიყენონ.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" შეთანხმებაზე ხელისმოწერა დღეს, 24 ნოემბერს სოჭში იგეგმება.