ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ოპოზიციის მომხრეებმა სახელმწიფო უწყებების შენობები გადაწვეს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში საქართველოს კონსულის ანდრო კაჭკაჭიშვილმა აცნობა.
"ვითარება კვლავ დაძაბულია, როგორც იცით ყირგიზეთის პრეზიდენტი გაქცეულია, გუშინდელი დღიდან დაწყებული ბიშკეკში მარადიორობა გრძელდება. გაძარცულია თითქმის მთელი ქალაქი, მაღაზიები და რამდენიმე სახელმწიფო უწყება ფერფლად არის ქცეული, რომელიც გუშინ ღამით დაწვეს", - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
მივე თქმით, ამ დრომდე უცნობია ქვეყნის პრეზიდენტის ადგილსამყოფელიც.
შეგახსენებთ, რომ ბიშკეკში მომხდარი არეულობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 68-ს და დაშავებულთა რაოდენობამ 500-ს ადამიანს გადააჭარბა. ქვეყანას ამ დროისთვის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით ეროვნული თანხმობის მთავრობა მართავს. მინისტრთა კაბინეტი კი სრული შემადგენლობით გადაგა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის მხარეს პოლიციაც გადავიდა. ამ დროისთვის ყირგიზეთის საზღვრები მეზობელ სახელმწიფოებთან ჩაკეტილია. ოპოზიციამ კონტროლი დედაქალაქთან მდებარე საერთაშორისო აეროპორტზეც დაამყარა. მომიტინგეებმა დარბიეს მთავრობის სახლი, პარლამენტი და სხვა სახელმწიფო დაწესებულების. გაძარცულია ეროვნული მუზეუმი.