უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთის საოკუპაციო არმიის რიგებს შესაძლოა კიდევ 30 ათასი ჩრდილოკორეელი სამხედრო შეუერთდეს.
„ჩვენ ვხედავთ რუსეთის თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასთანაც. რუსეთს სურს, ჩრდილოეთ კორეისგან კიდევ 30 ათასი სამხედრო მიიღოს. უკვე ივნისიდან ვორონეჟის ოლქში მათი მიღებისთვის ემზადებიან. ასევე, ჩრდილოეთ კორეა ემზადება, რუსეთს ბალისტიკური რაკეტებისთვის ახალი გამშვები დანადგარები გადასცეს“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, რადგან რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ომის წარმოებაში გამოცდილების მიღებაში ეხმარება, აუმჯობესებს მის შეიარაღებას და აძლევს რეალურ საბრძოლო პირობებში იარაღის გამოყენების გამოცდილებას.
„ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის აზიაში მყოფებს, ყველას, ვინც ჩრდილოეთ კორეის რაკეტების მოქმედების არეალში იმყოფება. ჩვენ ამას წინააღმდეგობას გავუწევთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.