ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს გართულებული კრიმინოგენული ვითერაბის და ოფიციალურ პირებზე განხორციელებული თავდასხმების გამო, ღამის საათებში სოხუმის ქუჩებში სპეციალური რეიდები ტარდება.
ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო-საპატრულო სამსახურის და სოხუმის მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მონაწილეობით, მსგავსი რეიდი 18 ნოემბრის ღამითაც ჩატარდა, რომლის დროსაც სოხუმის ქუჩებში 7 საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობდა.
აფხაზი ჟურნალისტის განცხადებით, რომელიც პატრულირებისას თან ერთ-ერთ ეკიპაჟს ახლდა, მხოლოდ ხუთი საათის განმავლობაში ღამის სოხუმში მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის 5, სიჩქარის გადაჭარბების 3, ერთი ავტოსაგზაო და არასწორი პარკირების მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ჟურნალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, ასევე, რომ მოქალაქეების მხრიდან აფხაზი სამართალდამცავების მიმართ უპატივცემულობას საზღვარი არა აქვს, რისი მოწმეც ამ ერთი საღამოს განმავლობაში თავად არაერთხელ გახდა.
მისი თქმით, კრიმინოგენული თვალსაზრისით, განსაკუთრებით ,,აუღებელია" სოხუმის ახალი რაიონი, რომელიც მალე კრიმინალური დეტროიტის აფხაზური ფილიალი გახდება.
როგორც ჟურნალისტთან საუბარში შიანაგან საქმეთა სოხუმის სამმართველოს უფროსის მოადგილე ბესლან ჭკადუა აღნიშნავს, სწორედ ამ რაიონში არსებობს ისეთი კონტინგენტი, რომელიც აფხაზ სამართალდამცავებს განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნის.
ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, დამნაშავეობის აღმოფხვრის მიზნით, სპეციალური ჯგუფები სოხუმის ქუჩებში ყოველ ღამე იმორიგევებენ.