19 ნოემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჭლოუში სოხუმის მკვიდრი, 23 წლის ინალ ახუბა დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახუბამ თავის მეგობრებთან, რუსლან წვიჟბას, თემურ ნაჭყებიას, ნარსოუ ჟიბას და ეშსოუ ჟიბასთან ერთად, რამდენიმე დღის წინ, თავს დაესხნენ აფხაზ მილიციელებს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მათ.
შემთხვევა, გვიან ღამით მოხდა, როცა საგზაო საპატრულო სამსახურის მილიციელებმა ასლან ცამბოვმა და ერასტ აბიჯბამ, საბუთების შემოწმების მიზნით, სოხუმის ქუჩაში მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გააჩერეს.
იმ დროს, როცა აფხაზი მილიციელები თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ, მათთან ორი უცხოური მარკის ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 5 ახალგაზრდა გადმოვიდა.
ახაგაზრდებმა სამართალდამცავებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ და დამხმარე ეკიპაჟის გამოჩენამდე ადგილიდან მიიმალნენ.
ბოროტმოქმედები საპატრულო მანქანაში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა, ამიტომ მათი ვიანობის დადგენა მალევე გახდა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატილი სამსახურების მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგად, ერთ-ერთი მათგანი ინალ ახუბა, გუშინ დააკავეს.
დაკავებისას, ეჭვმიტანილი შეეცადა, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა გაეწია და მიმალულიყო.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამჟამად, დანარჩენი ოთხი ბოროტმოქმედის ადგილსამყოფელი დგინდება.