მიმდინარე კვირის დასაწყისში, გალის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეგანყოფილების რამდენიმე თანამშროლები დააკავეს.
სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმებისას დადასტურდა, რომ გალის რაიონის სახელმწიფო ავტოინსპექციის ინსპექტორი, მილიციის უფროსი ლეიტენანტი ბესლან ჩოკორია, გალის რაიონის საპატრულო სამსახურის სერჟანტი გენო კვევესკირი და ამავე სამსახურის მილიციელი რუსლან აშუბა ნარკოტიკული ნივთიერება ,,მარიხუანას" ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
სამივე თანამშრომელი ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში გადაიყვანეს, სასამართლომ დაკავებულებს 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამას გარდა, შინაგან სამქეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩოკორია, აშუბა და კვევესკირი სამსახურიდან დაითხოვეს.
სწორედ ეს შემთხვევა გახდა იმ ბრძანების საფუძველი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რაულ ლოლუამ გასცა და რომლის ძალითაც, სამინისტროს დაქვემდებარებული ყველა უწყების თანამშრომლი სამედიცინო ნარკოლოგიურ შემოწმებას გაივლის.
ნარკოტიკის მოხმარებაზე თანამშრომელთა შემოწმება, სოხუმში 19 ნოემბერს დაიწყეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ბრძანება ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურის და სხვა ძალოვანი უწყებების თანამშრომლებზეც გავრცელდება.
მიღებულ შედეგებს საზოგადოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური გააცნობს.
მასალის გამოყენების პირობები