აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების პროექტს მხარი დაუჭირა და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა.
შეთანხმება რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას, საგარეო პოლიტიკის კოორდინირებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნას, ერთობლივი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბებას, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, პოსტსაბჭოთა სივრცეში აფხაზეთის ინტეგრაციის დაჩქარებასა და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობას ითვალისწინებს. რუსეთი ასევე ვალდებულებას იღებს, სოხუმს საერთაშორისო კავშირების დამყარებაში დაეხმაროს და ამავე დროს, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს. დოკუმენტი სახელმწიფო საზღვრების ერთობლივ დაცვას და გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფის შექმნას ითვალისწინებს, რომლის მეთაურიც რუსეთის, მოადგილე კი აფხაზეთის წარმომადგენელი იქნება. რუსეთი აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და აღჭურვის ვალდებულებასაც იღებს.