ოკუპირებულ აფხაზეთში სპეციალური საპარლამენტო კომისია შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც გენერალური პროკურორი, სოხუმის რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პარლამენტის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტის წევრები მოხვდნენ. კომისია მდინარე გუმისთის ეკოლოგიური მდგომარეობის შემოწმების მიზნით შეიქმნა.
მდინარე გუმისთის წყალი სოხუმის მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების ერთ-ერთი საშუალებაა, ვინაიდან გუმისთა ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე სუფთა მდინარედ ითვლება. თუმცა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ის დღეს დაბინძურების საფრთხის წინაშე დგას.
სწორედ მოსახლეობის ეს განცხადება და მრავალი საჩივარი გახდა სპეციალური კომისიის შექმნის მიზეზი.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ აჭადარასთან ბეტონგადამამუშავებელი და ხრეშის მწარმოებელი სამი ქარხანა მოქმედებს.
როგორც ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის დეპარტამენტში ამტკიცებენ, საწარმოებისთვის თანხმობა მათ უწყებას არ გაუცია, თუმცა ადგილზე მისულ კომისიის წევრებს ქარხნების მესვეურებმა ნებრთვის დამადასტურებელი საბუთები წარუდგინეს და განაცხადეს, რომ ეკოლოგების მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას ასრულებენ.
მეწარმეების თქმით, მდინარის გასწვრივ, დასახლებულ პუნქტებთან ახლოს საწარმოო ზონა საბჭოთა პერიოდიდან არსებობს და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ.
ოკუპირებული აფხაზეთის პროკურატურა დაინტერესდა, რატომ არ ემთხვევა სპეციალური კომიტეტის მონაცემები იმ დოკუმენტებს, რაც მეწარმეებმა წარადგინეს და რაც ასევე, წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან, რომელიც მსგავსი სამეწარმეო მოქმედებების უფლებას არ იძლევა.
სპეციალური კომისიის თქმით, მათ კანონმდებლობაში არის მრავალი ხარვეზი, არ არის მითითებული, წყალსაცავი ზონებიდან რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული მსგავსი საწარმოები, არ არსებობს წყალსაცავების დაცვის ნორმატივები.
ამასთან, მეწარმეები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, საბჭოთა დროს მიღებული სანიტარული ნორმებით სარგებლობენ,
როგორც ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ქაან კვარჩია აცხადებს, მდინარე გუმისთის ნაპირებზე არათუ ბეტონგადამამუშავებელი ქარხნების არსებობა, არამედ მის სიახლოვეს ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობა უნდა აიკრძალოს.
,,მდინარე გუმისთა აფხაზეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტერიაა, ეს არის ბრენდი, რომელსაც მთელ მსოფლიოში იცნობენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სუფთა წყალს და ჩვენ არ გვაქვს უფლება, მის ნაპირებთან მსგავსი საწარმოები ავამოქმედოთ და ამით მდინარის ეკოსისტემას საფრთხე შევუქმნათ." - განაცხადა კვარჩიამ.