ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა თურქეთში მოქმედი აფხზაური და კავკასიური კულტურული ცენტრების ფედერაციების ხელმძღვანელებს, ჯენგიზ კოჩ აშუბასა და იაშარ ასლანკაიას შეხვდა.
შეხვედრას ჩირიკბას მოადგილე ქაან ტანია და თურქეთში აფხზეთის წარმომადგენლობის მეთაური ინარ გიცბაც ესწრებოდნენ.
,,თქვენი ერთობლივი სტუმრობა, ეს არის ისტორიული ვიზიტი, რომელიც ჩვენი დიასპორების ერთიანობაზე მიანიშნებს. აფხაზებისთვის ადიღელებზე უფრო ახლობელი ხალხი არ არსებობს და ამის შეგნება ჩვენი ძმობის საწინდარია. ჩვენ უნდა განვამტკიცოთ და განვაგრძოთ ეს ძმობა.
კარგად ვიცით ჩვენი ისტორია, განსაკუთრებით, მუჰაჯირების ტრაგიკული ბედის შესახებ, მაგრამ ჩვენ მომავლისკენ უნდა ვიყუროთ, უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვიშრომოთ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ." - აღნიშნა ჩირიკბამ შეხვედრაზე.
თურქეთში აფხაზური და კავკასიური კულტურული ცენტრების ხელმძღვანელებმა, თავიანთ მხრიდან, აღნიშნეს, რომ ამაყობენ დამოუკიდებელი აფხაზეთის რესპუბლიკით.
მათი თქმით, დიასპორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლიური ენისა და კულტურის შენარჩუნება.
სტუმრებმა განაცხადეს, ასევე, რომ მათი ფედერაციები აქამდეც მხარს უჭერდნენ და მომავალშიც მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ აფხაზეთის სუვერენული ინტერესების დასაცავად.
ჩამოსულებმა თურქეთში აფხაზეთის წარმომადგენლობის საქმიანობა დადებითად შეაფასეს და მასპინძლებთან ერთად შეთანხმდენ იმაზე, რომ მსგავსი შეხვედრები და თანამშრომლობა მომავალშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.