ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალში სპეციალური სამთავრობო კომისიის სხდომა შედგა, რომელზეც მოსახლეობის აღწერისთვის საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელეს.
კომისიას ე. წ. პრემიერ-მინისტრი დომენტი კულუმბეგოვი ხელმძღვანელობდა, რომელმაც აღნიშნა რომ მოსახლეობის აღწერა საფუძველს ჩაუყრის მრავალ ისეთ პროგრამას, რაც ,,მათი ქვეყნის" სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
,,პროცედურულად ძალიან რთული მუშაობის ჩატარება გველის, ვინაიდან ყველა სამინისტროს, ყველა ოფიციალურ უწყებას, ქალაქებისა და რაიონების ადმინისტრაციებს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რათა რესპუბლიკის ყველა დასახლებულ პუნქტში საყოველთაო აღწერა სრულად ჩატარდეს." - განაცხადა კულუმბეგოვმა.
სახელმწიფო სტატისტიკის განყოფილების უფროსმა ინალ თიბილოვმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მოსახლეობის აღწერის ორგანიზების საქმეში 300-ზე მეტი პირის ჩარევა იქნება საჭირო.
თიბილოვის თქმით, დღეისთვის, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მიღებულია აღწერის შესახებ კანონი და მისი ყველა ქვეპუნქტი, ასევე დადგენილია აღწერის დრო და ვადები - 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით.